ბავშვებში სიბრმავისა და მხედველობის დაქვეითების ერთერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს ბროლის ცვლილებები, რაც შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. მათ შორის ერთ-ერთია კატარაქტა.
თანდაყოლილი კატარაქტა წარმოადგენს მხედველობის ორგანოს თანდაყოლილი დეფექტების ნახევარზე მეტს. დაავადება შესაძლოა იყოს როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და ასევე შერწყმული სხვა პათოლოგიასთან.
თანდაყოლილი კატარაქტის ფორმები
1. კაფსულარული ფორმა -
ბროლის წინა ან უკანა კაფსულის იზოლირებული შემღვრევა. მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის სიდიდეზე. კაფსულარული კატარაქტის განვითარება შესაძლოა განპირობებული იყოს ორსულობის პერიოდში დედის დაავადებებით ან მუცლადყოფნის პერიოდში ანთებითი პროცესებით;
2. პოლარული კატარაქტა - დაზიანება ვრცელდება როგორც კაფსულაზე, ისე უშუალოდ
ბროლის წინა და უკანა პოლუსზე. ძირითადად გვხდება ორმხრივი კატარაქტა;
3. შრეობრივი კატარაქტა - ეს არის თანდაყოლილი კატარაქტის ყველაზე გავრცელებული ფორმა, უმეტეს შემთხვევებში ორმხრივია. აღინიშნება დაზიანება ცენტრში, განჭვირვალე ბირთვის ირგვლივ. მხედველობა მნიშვნელოვნად ქვეითდება;
4. ბირთვული ფორმა - მემკვიდრული ხასიათისაა, დაზიანება ორივე თვალზე ვითარდება და მხედველობა მნიშვნელოვნად ქვეითდება;
5. სრული კატარაქტა - კლინიკური სურათი დამოკიდებულია
ბროლის შემღვრევის ხარისხზე. აღნიშნული ფორმა შეიძლება განვითარდეს ჯერ კიდევ დაბადებამდე. სრული კატარაქტის თავისებურებაა მისი შერწყმა სხვა განვითარების დეფექტებთან, როგორიცაა
მიკროფთალმი, ყვითელი ხალის
ჰიპოპლაზია, სისხლძარღვოვანი გარსის
კოლობომა,
ნისტაგმი,
სიელმე და ა.შ. სრული კატარაქტის დროს შესაძლოა მოხდეს გაწოვა და ამ შემთხვევაში გუგის მიდამოში რჩება აპკი - აპკისებრი კატარაქტა;
6. გართულებული კატარაქტა - აღნიშნული ფორმის განვითარების მიზეზია
გალაქტოზემია,
დიაბეტი,
წითურა და სხვა მძიმე დაავადებები, ხშირად თან ახლავს სხვა თანდაყოლილი დეფექტები (გულის მანკი, სიყრუე და სხვა).